top of page

“გლობალური ომის პარტია” - რატომ მიმართავს ხელისუფლება შეთქმულების თეორიას

  • Writer: Liza Kakhaberidze
    Liza Kakhaberidze
  • Jul 30, 2024
  • 3 min read

Updated: Aug 23, 2024

რა არის "გლობალური ომის პარტია", ან ვინ არიან მისი წევრები? 


მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი უკვე აქტიურად გვხვდება ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში, განსაკუთრებით კი მმართველი პარტიის გზავნილებში, ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა, ყველას უჭირს. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მუდმივად აპელირებენ “გლობალური ომის პარტიის” არსებობაზე, თუმცა არასდროს პასუხობენ მკაფიოდ ქართველი თუ უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს იმის თაობაზე, თუ ვის გულისხმობენ მასში. 


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ყველაზე აქტიურად იყენებს ამ ტერმინს, განაცხადა, რომ ის, რაც საჯაროდ არის ცნობილი “გლობალური ომის პარტიაზე”, მთელი ინფორმაციის 20%-იც კი არ არის. უფრო მეტიც, მან ჯეიმს ო’ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მას — აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესაც კი, საჯაროდ გავრცელებულ ცნობებზე მცირედით მეტი — მთელი ინფორმაციის 30%-მდე ნაწილი მიაწოდა. 


კობახიძე საკითხის ამგვარი გასაიდუმლოების მიზეზად უსაფრთხოებას ასახელებს. თუმცა დეტალებს — ვის უსაფრთხოებას ემუქრება საფრთხე, ვისგან, რა ფორმით, როდის და ა.შ. — არც ამ შემთხვევაში აკონკრეტებს. 


ამ სტატიაში მიმოვიხილავთ გლობალური ომის პარტიის შესახებ კონსპირაციული თეორიის განვითარების პროცესს, მის მიზანს და ანალიტიკოსის შეფასებებს.



სანამ ტერმინი “გლობალური ომის პარტია” “ქართული ოცნების” გზავნილებში ამ ფორმით დამკვიდრდებოდა, მან განვითარების გარკვეული გზა გაიარა. თავდაპირველად, ძალიან ხშირად და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ "ომის პარტიაზე", რომელშიც ე.წ. კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” იგულისხმებოდა. 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებასთან ერთად, "ომის პარტიის" პარალელურად, “ქართულმა ოცნებამ” საუბარი დაიწყო "გარკვეულ ძალებზე", რომლებიც, თითქოს, საქართველოს ომში ჩათრევას და აქ მეორე ფრონტის გახსნას ცდილობდნენ. თანდათან, “ქართულმა ოცნებამ მასშტაბები გაზარდა და მივიღეთ ტერმინი "გლობალური ომის პარტია", რომელიც Google-ის საძიებო სისტემაში სწორედ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მასზე საუბარი მმართველმა პარტიამ დაიწყო. ეს ტერმინი ინტერნეტში ყველაზე აქტიურად ქართულად იძებნება, სხვა ენებზე არსებული ინფორმაცია კი ისევ საქართველოს ხელისუფლებამდე მოდის. ამით ცხადი ხდება, რომ ამ ტერმინს “ქართული ოცნების” ლიდერების გარდა, ფაქტობრივად, არავინ იყენებს. ისინი თითქმის ყველა პოლიტიკურ გზავნილს ამ კონსპირაციის თარგზე ჭრიან.

 რატომ დაიწყო “ქართულმა ოცნებამ” “გლობალური ომის პარტიაზე” საუბარი, რა მიზანი აქვს ამას — ამ კითხვებით პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსს, ნინო სამხარაძეს მივმართეთ. 


სამხარაძე ამბობს, რომ “ქართული ოცნება” თავისი მმართველობის იმ ეტაპზე მივიდა, როცა მას ესაჭიროება კრეატიული იდეების მოფიქრება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. მისი თქმით, ამის მიზეზია, ერთი მხრივ ის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ოთხი ვადით არავინ ყოფილა მმართველობაში, მეორე მხრივ კი ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” მკვეთრად შეიცვალა თავისი ბუნება და დაემსგავსა კლასიკურ ავტორიტარულ ძალას.




“ქართულმა ოცნებამ” “გლობალური ომის პარტიაზე” საუბარი განსაკუთრებით გაახშირა 2024 წლის აპრილიდან — ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ხელახლა ინიციირების შემდეგ. მაშინ, როცა ევროკავშირის წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ე.წ. “რუსული კანონი” ეწინააღმდეგება დასავლურ ღირებულებებს და მისი მიღების შემთხვევაში, საქართველო ვერ გახდებოდა ევროკავშირის წევრი, კობახიძე ამტკიცებდა, რომ კანდიდატის სტატუსი უფრო ადრეც გვეკუთვნოდა, "მაგრამ მაშინ ჩაერია გლობალური ომის პარტია." კობახიძის მტკიცებით, “გლობალური ომის პარტიას” დიდი გავლენა აქვს ევროკავშირის მაღალჩინოსან წარმომადგენლებზე და ეს საერთაშორისო პოლიტიკაზე, მათ შორის, ჩვენზეც აისახება. 


“ქართული ოცნება” რუსული კანონის მიღების აუცილებლობის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ “გლობალური ომის პარტიისგან” ქვეყნის დაცვას ასახელებს. 


29 აპრილს, ე.წ. საერთო სახალხო შეკრებაზე, რომლისთვისაც რეგიონებიდან მოქალაქეები ორგანიზებულად ჩამოიყვანეს, გლობალური ომის პარტიის შესახებ ისაუბრა “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც.


ის “გლობალური ომის პარტიას” ადანაშაულებს იმაში, რომ:


  1. "2008 წელს საქართველო რუსეთთან დააპირისპირეს, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს";

  2. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა ნატოში არ მიიღეს და "ორპირ ქარში დააყენეს".


“ქართული ოცნების” ამ შეთქმულების თეორიას გამოეხმაურნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. ო'ბრაიენი “გლობალური ომის პარტიის” არსებობის შესახებ მსჯელობას რედიტის კონსპირაციების გაცოცხლებას ადარებს. კონსპირაციად და გაუგებრად აფასებენ საკითხს სხვა ევროპელი ლიდერებიც. ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს გაეცინათ გლობალური ომის პარტიის შესახებ დასმულ კითხვაზე. გერმანიის ელჩმა კი განაცხადა, რომ ის თვითონ სვამს კითხვებს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ცხად პასუხებს ვერ იღებს. 







Comments


© 2024 by Liza Kakhaberidze

bottom of page